5 ცნობილი მუზეუმი, რომელიც შეგიძლია, სახლიდან გაუსვლელად დაათვალიერო

ტექნოლოგიების განვითარების ფონზე, დღეს ციფრული და რეალური სამყაროების შერწყმა სირთულეს სულაც არ წარმოადგენს და სასურველ ადგილამდე ხშირად მხოლოდ ერთი დაკლიკვა გვაშორებს. ამ პროცესს განსაკუთრებით ხელი პანდემიამ შეუწყო, რომლის დროსაც სამყარო დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. გამოანკლისი არც მსოფლიოში ცნობილი მუზეუმებია, რომლებმაც გადაწყვიტეს, დამთვალიერებლები ვირტუალურ სივრცეში მიეღოთ.

რამდენიმე წლის წინ, ალბათ, ცოტას თუ წარმოედგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნების გამორჩეულ მუზეუმებში საოცნებო გამოფენის დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად — სამგანზომილებიანი (3D) ვირტუალური ტურის დახმარებით შეგვეძლებოდა. დღეს ეს უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ამის დასამტკიცებლად გთავაზობთ 5 ცნობილ მუზეუმს, რომელში მოგზაურობაც ვირტუალური ტურის საშუალებით შეგიძლია:

1. ლუვრის მუზეუმი, პარიზი

თუ პარიზში მდებარე მსოფლიოში უდიდესი მუზეუმის მონახულებაზე ყოველთვის ოცნებობდი, სანუკვარი ლუვრი, შეგიძლია ვირტუალურად შემოიარო. მონა ლიზა, ვენერა მილოსელის ქანდაკება, ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან მიქელანჯელო, ლეონარდო და ვინჩი, კარავაჯო და ა.შ. — ლუვრის მუზეუმი ხელოვნების ისტორიაში საოცარ ვირტუალურ მოგზაურობას გპირდება.

2. ორსეის მუზეუმი, პარიზი

ლუვრის მონახულების შემდეგ პარიზის მალევე დატოვება ნამდვილად არ ღირს, რადგან წინ ორსეის მუზეუმში ვირტუალური მოგზაურობა გელის. ორსეის მუზეუმში ფრანგი ფერმწერების — პოლ სეზანის, კლოდ მონესა და სხვების ნამუშევრების დათვალიერება შეგიძლია. რაც მთავარია, ვირტუალური ტურის დახმარებით დიდი ჰოლანდიელი მხატვრის, ვინსენტ ვან გოგის ცნობილ ავტოპორტრეტსაც იხილავ.

3. ვატიკანის მუზეუმები

ვატიკანის დიდებული მუზეუმების დასათვალიერებლად იტალიაში გამგზავრება საჭირო სულაც არაა. სამგანზომილებიანი ვირტუალური ტურის დახმარებით სხვადასხვა, თუმცა თანაბრად შთამბეჭდავი სივრცეების, მათ შორის — სიქსტეს კაპელას დათვალიერება სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. საოცარი ნამუშევრების თვალიერებისას ნამდვილად დაგავიწყდება, რომ სახლში ხარ და არა — დაუვიწყარ ვატიკანში.

4. პოლ გეტის მუზეუმი, ლოს-ანჯელესი

ევროპაში მოგზაურობის შემდეგ შეგიძლია, გეზი აშშ-ისკენ აიღო და ლოს-ანჯელესში პოლ გეტის მუზეუმსესტუმრო. პოლ გეტის მუზეუმში ვირტუალური ტურის საშუალებით ისეთი ცნობილი ხელოვანების ნამუშევრებს იხილავ, როგორებიც არიან რემბრანდტი, პოლ გოგენი, პოლ სეზანი, ედგარ დეგა, კლოდ მონე და ა.შ.

5. თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, სეული

რადგანაც ვირტუალური ტურების საშუალებით მთელი მსოფლიოს შემოვლა შეგიძლია, აზიის მონახულებას წინ არაფერი უდგას. სამხრეთ კორეის თანამედროვე ხელოვნების ეროვნული მუზეუმის ვირტუალური ტური და საოცარი ნამუშევრები იმედგაცრუებულს ნამდვილად არც ერთ ხელოვნების მოყვარულს არ დატოვებს.

© 2022, Fisheye